„ბოსტონის“ თურქი ცენტრი ენეს კანტერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდება. ამის შესახებ პოსტი „სელტიკსის“ კალათბურთელმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ერთ წელიწადში ძალიან დიდი პრივილეგია მომენიჭება – მე გავხდები ამერიკის მოქალაქე. თავისუფლებას, რომელიც თურქეთმა წამართვა და ამ ქვეყანაში შევიძინე, სათანადოდ დავაფასებ. მე ყოველთვის დავიცავ ამერიკას და დემოკრატიას“, – წერს კანტერი.
28 წლის ენეს კანტერი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2011 წლიდან ასპარეზობს. ის დრაფტზე „იუტამ” აიყვანა. მას ლიგაში 634 მატჩი აქვს გამართული. კანტერის საშუალო მონაგარი 11,6 ქულა და 7,6 მოხსნაა.
ენეს კანტერი თურქეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგია და საკუთარ აზრებს ღიად აფიქსირებს. ამის გამო კანტერი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს ევროპაში გადაადგილების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.