ენდი ვან დერ მეიდე - გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ არ უნდა მოეყვანათ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს კარიერაში რთული პერიოდი დაუდგა. „აიაქსის“ ყოფილმა მოთამაშემ, ენდი ვან დერ მეიდემ ქართველი თავდამსხმელი გააკრიტიკა. მისი აზრით, ამსტერდამულ კლუბს ქართველი არ უნდა დაემატებინა.
„განსაკუთრებით მაკვირვებს ერთი მოთამაშე. ბოლო ტურში „ალკმაართან“ (1:2) ამსტერდამელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას. ამ დროს მიქაუტაძემ ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა, მაგრამ დაცვის დახმარებას არ ჩქარობდა. თუ გუნდში თამაშობ, ასე არ უნდა მოიქცე. ის მშვიდად წავიდა, თითქოს, მისი საქმე სხვებს უნდა გაეკეთებინათ. სირცხვილია, რომ „აიაქსმა“ ეს მოთამაშე მიიწვია“, – განაცხადა ვან დერ მეიდემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგ მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. „აიაქსმა“ ის 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
ტრანსფერი გუნდის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა განახორციელა, რომელმაც სეზონის დაწყებამდე 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. საბოლოოდ, ჩათვალეს, რომ ეს თანხა არაეფექტურად გამოიყენა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.