ენდი მარი ივნისში დაბრუნდება
ენდი მარი ივნისში დაბრუნდება

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ კორტზე დაბრუნება დაგეგმა – მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ივნისში ჰოლანდიაში ქალაქ როზმალენის ტურნირზე ითამაშებს.

“უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას ჰოლანდიაში, როზმალენის ბალახის კორტებზე გააგრძელებს”, – წერია ჰოლანდიური ტურნირის ორგანიზატორთა პრეს-რელიზში.

ტურნირი 11-17 ივნისს გაიმართება და ენდი მარისთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური გამოსვლა კორტზე 2017 წლის ივლისის შემდეგ, როცა მან უიმბლდონის მეოთხედფინალში სემ კუერისთან წააგო. ბრიტანელის ხანგრძლივი პაუზის მიზეზი ტრავმა იყო. კერძოდ, მარიმ 2018 წლის იანვარში მარჯვენა ბარძაყზე ოპერაცია გადაიტანა. თავად ჩოგბურთელი როზმალენის ტურნირს უიმბლდონისთვის მზადების ეტაპად განიხილავს.

“მოუთმენლად ველოდები ბალახის კორტებზე დაბრუნებას. ბევრი კარგი გამიგია როზმალენის ტურნირისა და იქაური კორტების შესახებ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა უიმბლდონისთვის მოსამზადებლად”, – თქვა მარიმ.