ენდი მარეიმ 0:2-დან კარიერაში მეათე მატჩი მოიგო - აშშ-ის ღია, კაცები, I წრე
ენდი მარეიმ 0:2-დან კარიერაში მეათე მატჩი მოიგო - აშშ-ის ღია, კაცები, I წრე

ბრიტანელმა ვეტერანმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ აშშ-ის ღია პირველობის პირველი წრის შემდეგ როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა. ისევე, როგორც შვეცარიელს, ენდისაც კარიერაში დაუგროვდა 10 მატჩი, რომლებშიც სეტებში 0:2-ს აგებდა და საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვა.

მარეიმ მორიგი ასეთი გმირობა იაპონელი იოშიჰიტო ნიშიოკას წინააღმდეგ ჩაიდინა. ჩოგბურთელებმა ოთხი საათი და 38 წუთი გაატარეს კორტზე და მარეიმ 4:6, 4:6, 7:6(5), 7:6(4), 6:4 მოიგო. არადა, სტატისტიკისა და თამაშის მსვლელობის მიხედვით, მოგებას ნიშიოკა იმსახურებდა, უბრალოდ, ბრიტანელს გამოცდილებამ უშველა.

მარეიმ სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვა პირველ ორ სეტში 32 უნებლიე შეცდომის დაშვებისა და მესამე სეტში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ დაიწყო. თუმცა, აქედან მოყოლებული, ნიშიოკას მაინც უფრო მეტი შანსი ჰქონდა. მესამე სეტის ბოლო გეიმებში ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მეოთხე სეტში – ხუთი და აქედან ერთი მატჩბოლი იყო. მთლიანად მატჩში ნიშიოკამ 16 ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მხოლოდ ხუთი გამოიყენა, მარეიმ – ხუთი შანსიდან სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ნიშიოკას მეხუთე სეტშიც ჰქონდა შანსი, როცა ბრეიკით დაწინაურდა და აქაც გამონახა 33 წლის ბრიტანელმა ქამბექისთვის ძალები.

მარეიმ 59 „ვინერსი“ და 77 უნებლიე შეცდომა დაუშვა, აქედან 13 ორმაგი იყო. ნიშიოკას ამ მხრივ დადებითი ბალანსი ჰქონდა – 57 „ვინერსი“ და 50 შეცდომა. იაპონელი სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებითაც აღემატებოდა ბრიტანელს, მაგრამ მეორე წრეში მარეი გავიდა, სადაც კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდება.