„ემპოლიმ“ საბა საზონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
საბა საზონოვის ტრანსფერი „ემპოლიში“ ოფიციალურად დადასტურდა – ინფორმაციას სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბი „ემპოლი“ აცხადებს, რომ „ტორინოსთან“ ფეხბურთელ საბა საზონოვის იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია. ქართველი მცველი 2002 წლის პირველ თებერვალს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. ფეხბურთის თამაში „ზენიტის“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო. 2022 წელს მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, ორ წელიწადში 44 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
საბამ „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის აგვისტოში გააფორმა. სერია A-ში მისი დებიუტი სექტემბერში, „ლაციოს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში შედგა. იტალიაში გატარებული პირველი სეზონის განმავლობაში მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საზონოვმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე 4 მატჩი ჩაატარა და პორტუგალიასთან მოგებულ (2:0) შეხვედრაში გოლი გაიტანა“, – წერს „ემპოლის“ ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლიში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, 20 წლის საბა გოგლიჩიძე ირიცხება.