„ემპოლიმ“ საბა გოგლიჩიძე წარადგინა - დარწმუნებული ვარ, სერია A-ში უფრო მეტ ქართველს მიიწვევენ #1TVSPORT
„ემპოლიმ“ საბა გოგლიჩიძე წარადგინა - დარწმუნებული ვარ, სერია A-ში უფრო მეტ ქართველს მიიწვევენ #1TVSPORT

ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც იტალიის სერია A-ს „ემპოლის“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, გუნდმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. სხვა მიწვევებიც მქონდა, მაგრამ „ემპოლი“ ავირჩიე. აქ გადმოსვლამდე ლევან მჭედლიძეს ველაპარაკე, რომელმაც დამარწმუნა და ამიხსნა, რა ტიპის გუნდია „ემპოლი“. დიდხანს აღარ მიფიქრია და დღეს უკვე აქ ვარ.

თავიდანვე თავი კომფორტულად ვიგრძენი, თანაგუნდელებმა და კლუბის წარმომადგენლებმა გულთბილად მიმიღეს. ეს არის კლუბი, სადაც ფეხბურთელს ყველა პირობა აქვს შესაძლებლობების გამოსავლენად. მჯერა, რომ სათამაშოდ და განვითარებისთვის საუკეთესო ადგილზე მოვხვდი.

საკუთარ თავზე

დაცვაში უფრო აგრესიულ სტილში ვთამაშობ, მიყვარს მეტოქესთან ორთაბრძოლები,  პოზიციური თამაშიც მომწონს. ყოველთვის მიზიდავდა იტალიის სერია A, რომელიც მცველისთვის ძალიან საინტერესო ლიგაა – ამიტომაც ვფიქრობ, რომ „ემპოლი“ ჩემი მომავალი განვითარებისთვის შესაფერისი გუნდია.

საყვარელი მცველი

სერია A-ში ბევრი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, ეს პაოლო მალდინია, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა.

„ემპოლის“ მთავარ მწვრთნელთან, დავიდე ნიკოლასთან საერთო ენა სწრაფად გამოვნახე. ის ბევრს მუშაობს, ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს და გვასწავლის, თამაში როგორ გავაუმჯობესოთ. ვცდილობ, მოვუსმინო და ბევრი რამ ვისწავლო.

ქართველები სერია A-ში

ყველამ იცის, რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ, როცა იტალიაში ჩამოვიდა. ამის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და ახლა უკვე იტალიური და ევროპული კლუბები სხვა თვალით გვიყურებენ. საქართველოში ძლიერი ფეხბურთელები ადრეც იყვნენ, მაგრამ ნაკლები ყურადღება ექცეოდათ. ახლა უფრო მეტად გვენდობიან და დარწმუნებული ვარ, მომავალში სერია A-ში კიდევ უფრო მეტი ქართველი ითამაშებს“, – განაცხადა საბა გოგლიჩიძემ.