ემბიდი და იოკიჩი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები არიან
ემბიდი და იოკიჩი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები არიან

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

აღმოსავლეთის კონფერენციის ლაურეატი გახდა „ფილადელფიას“ ცენტრი ჯოელ ემბიდი. მისმა გუნდმა სამიდან სამი მატჩი მოიგო, კამერუნელმა კი ამ შეხვედრებში საშუალოდ 31.7 ქულა, 16.3 მოხსნა და 3.3 შედეგიანი პასი დააგროვა.

გარდა ამისა, ემბიდმა „ფინიქსთან“ მატჩის პირველ ტაიმში 30 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. 2000 წლის შემდეგ ის გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც დიდ შესვენებამდე მინიმუმ 30 ქულა და 10 მოხსნა აიღო.

„ფილადელფია“ 26 მოგებითა და 14 წაგებით მეოთხე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

დასავლეთში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი. მისი საშუალო სტატისტიკა იყო – 28.0 ქულა, 13.0 მოხსნა და 9.0 შედეგიანი პასი. „დენვერმა“ გასულ კვირას სამი მატჩი მოიგო და 26 მოგებითა და 12 წაგებით დასავლეთის კონფერენციის ლიდერია.