ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი არასოდეს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი არასოდეს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს

თუ ევროპას მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოს ომისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ევროპის სანდოობა ნულამდე დაიწევს“, – განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში.

მაკრონის თქმით, ევროპისთვის მნიშვნელოვანია, არ დააწესოს წითელი ხაზები, რაც მიანიშნებს კრემლს ევროპის სისუსტის შესახებ და წაახალისებს მას უკრაინაში შეჭრის გაგრძელებისკენ.

მაკრონმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უკრაინაში ჯარების განლაგება.

მისი თქმით, საფრანგეთი არასოდეს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ და პარიზი არ არის ომში მოსკოვთან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წამოიწყო აგრესიული თავდასხმები საფრანგეთის ინტერესების წინააღმდეგ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა „რთულ“ სიტუაციაშია და მოკავშირეებისგან უფრო ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ დადგება რუსეთის პრეზიდენტთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დრო, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება რუსეთის პრეზიდენტი, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს შესაძლებლობას, რომ ვლადიმერ პუტინი აღარ უხელმძღვანელებს რუსეთს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს, თუმცა, მისი თქმით, დღევანდელი სიტუაცია ამას არ მოითხოვს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების „ლიმიტებს“, „ირჩევს დამარცხებას“.

დასავლეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებულ კითხვაზე მაკრონმა განაცხადა: „ჩვენ დღეს არ ვართ ამ სიტუაციაში“. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ყველა ეს ვარიანტი შესაძლებელია“.

მაკრონის თქმით, ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოსკოვს დაეკისრება.

„დღეს რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები. ჩვენი მიზანია, რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუ სიტუაცია გაუარესდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ვერასოდეს მოიგებს ამ ომს. იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა გვქონდეს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები და ამიტომ უნდა შევხედოთ სიტუაციას რეალისტურად, მტკიცედ. გაბედულად ვთქვათ, რომ მზად ვართ, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც არის ის, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ხანგრძლივი მშვიდობისთვის უკრაინა უნდა დაბრუნდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, ლატვიელებს, რუმინელებს და ბულგარელებს შეუძლიათ თუნდაც ერთი წამით მშვიდად ყოფნა? არ ვსაუბრობ მოლდოვაზე, რომელიც, მართალია, დღეს ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს რუსეთი, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეა. კრემლის რეჟიმი არის მოწინააღმდეგე. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაამარცხოს რუსეთი, რადგან მე ვიტყვი ძალიან მარტივად: არ შეიძლება, იყოს ხანგრძლივი მშვიდობა, თუ არ იქნება სუვერენიტეტი, თუ არ დაბრუნდება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, მათ შორის, ყირიმი“, – აღნიშნა მაკრონმა.