ელიგის წარმომადგენლებმა საკლუბო ასოციაცია დააფუძნეს - შემდეგი ნაბიჯი პროფლიგის აღორძინებაა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებმა ქართული კლუბების ასოციაცია დააფუძნეს – ინფორმაცია საქართველოს პირველი არხმა გადაამოწმა და დაგვიდასტურეს, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტია.
ამ ასოციაციაში გაწევრიანდნენ ის კლუბები, რომლებიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანსა და მის მოადგილე სოსო გიორგაძეს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ „დინამო თბილისის“, წყალტუბოს „სამგურალის“, მარტვილის „მერანის“, „საბურთალოს“ წარმომადგენლები. ქართული კლუბების ასოციაცია უახლოეს პერიოდში რეგისტრაციას გაივლის და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთის განვითარების პროგრამის ერთ-ერთ მთავარ სუბიექტი უნდა გახდეს.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და მეორე ლიგის კლუბების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა, ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ, კლუბების გამართული და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
ასოციაცია ფეხბურთის გრძელვადიანი პროგრამის მოდერნიზებაზე ერთობლივად იმუშავებს სამინისტროსთან და ფეხბურთის ფედერაციასთან.
ქართული კლუბების ასოციაციის მთავარი ამოცანა საქართველოს პორფესიული ფეხბურთის ლიგის (პროფლიგის) ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული ლიგის განვითარებაზე იზრუნებს.
საქართველოში პროფესიული ფეხბურთის ლიგაში 2004 წელს დაფუძნდა, მაგრამ 10 წლის წინ ეროვნული ლიგის ორგანიზების ფუნქცია ჩამოერთვა და ფაქტობრივად, გაუქმდა.