ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშეა – ნომინანტები ელიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.
ის საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოში“ უდავოდ გამორჩეული მოთამაშე იყო. ხვიჩა კვარაცხელიამ 7 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სტატისტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ 21 წლის ფეხბურთელმა სტადიონებზე დასწრება გაზარდა. ბათუმის „დინამოს“ მაყურებელი ისედაც არ აკლდა, მაგრამ ხვიჩას ჩარიცხვის შემდეგ მიმდინარე სეზონში გულშემატკივრების სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდა.
კვარაცხელიას მონაწილეობით ერთ-ერთ მატჩზე 18 ათასი ადამიანი მივიდა, ქუთაისში – „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა 14 ათასმა ადამიანმა იხილა, ხოლო თბილისში ორი „დინამოს“ შეხვედრაზე ბოლო წლების რეკორდი გაუმჯობესდა და „დინამო არენაზე“ 22 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა.
ამით ხვიჩას კარიერის ქართული ეტაპი დასრულდა – საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ახლა ისვენებს, ხოლო ივლისის დასაწყისში თავის ახალ კლუბს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელ „ნაპოლის“ შეუერთდება.