ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგის ბოლო გუნდები არიან, რომელთა ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და პერსონალმა კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარეს.
შეგახსენებთ, რომ ტესტირების შესახებ ინფორმაცია „დინამო თბილისმა“ და „საბურთალომაც“ გაავრცელეს. ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელების პირველადი ტესტირება დღეს დასრულდა. ცხადია, ჯერ შედეგები ცნობილი არაა – ამას მხოლოდ რამდენიმე დღეში შევიტყობთ. მანამდე კომენტარები არ კეთდება.
მატჩების დაწყებამდე, 22-24 ივნისს, მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან. ტესტირების ხარჯები ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღო.
ეროვნული ლიგა თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, 25 ივნისს განახლდება – „მიხეილ მესხი არენაზე“, ერთმანეთს „საბურთალო“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ტურნირი 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ გაიმართება. უკვე გამართული პირველი ორი ტურის შედეგები არ გაუქმებულა. ამიტომ, ეროვნული ლიგა მესამე ტურიდან განახლდება.