ელიგაში პირველი გოლი კორიფაძემ გაიტანა - „საბურთალომ“ ტრადიცია არ დაარღვია
ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი საჩხერის „ჩიხურას“ ნახევარმცველმა გიორგი კორიფაძემ გაიტანა. ეს პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს მოხდა – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალომ“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა.
ზედიზედ 5 წელი „საბურთალო“ ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს იგებდა – გუნდმა ტრადიცია არც წელს დაარღვია. სტუმრები მე-20 წუთზე პენალტით დაწინაურდნენ. თბილისელთა მცველმა, იური ტაბატაძემ საკუთარ საჯარიმოში სტუმართა შემტევი კახა კახაბრიშვილი მოცელა, პენალტი კი კორიფაძემ უნაკლოდ შეასრულა.
„საბურთალომ“ ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა. 43-ე წუთზე, ტაბატაძემ საკუთარი შეცდომა გოლით გამოისყიდა. თბილისელთა მცველმა შორიდან შენიშნა, რომ „ჩიხურას“ მეკარე დინო ჰამზიჩმა ცარიელი კუთხე დატოვა და დააახლოებით, 30 მეტრიდან ეფექტური გოლი გაუტანა. შეხვედრის პირველი ნახევარი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში, „საბურთალოს“ დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა – მცველის შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გიორგი გაბედავა დარჩა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა. 74-ე წუთზე მასპინძლებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. ლევან ყენიას გადაცემა გაბედავამ გოლით დააგვირგვინა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – „საბურთალომ“ 2:1 მოიგო.
დღეს, 1 მარტს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება და ეროვნული ლიგის პირველი ტური დასრულდება:
ტორპედო – დილა
18:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
ლოკომოტივი – სამტრედია
20:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი