„ნაპოლის“ ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ელიფ ელმასმა გერმანიის ბუნდესლიგის ბინადართან, „ლაიფციგთან“ კონტრაქტი გააფორმა.
ჩრდილოეთმაკედონიელი ფეხბურთელი „ლაიფციგში“ 2028 წლამდე დარჩება, მის სანაცვლოდ კი „ნაპოლიმ“ 25 მილიონი ევრო მიიღო.
ელიფ ელმასი „ლაიფციგის“ რიგებში თამაშს 2024 წლის პირველი იანვრიდან შეძლებს, როდესაც ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარა“ ოფიციალურად გაიხსნება.
24 წლის ფეხბურთელი იტალიის მოქმედი ჩემპიონის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა. ამ დროის მანძილზე ელიფ ელმასმა „ნაპოლის“ რიგებში 185 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.
ამ მომენტისთვის ფეხბურთელის ახალი გუნდი „ლაიფციგი“ გერმანიის ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი მადრიდის „რეალს“ შეხვდება.