„ელ მუნდო დეპორტივო“ - ესპანეთში სტადიონების 30 პროცენტით შევსებას აპირებენ
ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნითი ტურების მატჩები, შესაძლოა მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდეს. გულშემატკივრების თამაშებზე შეშვებას 29 ივნისიდან გეგმავენ, – წერს „ელ მუნდო დეპორტივო“.
კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ 33-ე ტურის მატჩებს მაყურებელი ეყოლება. ეს ტური 30 ივნისს არის დაგეგმილი. სტადიონის ტრიბუნები 30 პროცენტით შეივსება. ასე რომ, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩს დაახლოებით 30 ათასი გულშემატკივარი დაესწრება.
ჯერჯერობით, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ლა ლიგაში ყველა მატჩი მაყურებლების გარეშე უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს, „სევილიასა“ და „ბეტისის“ მატჩით განახლდება. გათამაშების ლიდერია „ბარსელონა“, რომელიც „რეალს“ ორი ქულით უსწრებს.