ეკვადორის ნაკრების მწვრთნელი - კატართან მოგება მხოლოდ დასაწყისია #1TVSPORT
ეკვადორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, არგენტინელმა გუსტავო ალფარომ კომენტარი გააკეთა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა კატართან დამაჯერებლად მოიგო 2:0.
„დასაფასებელია გუნდის დამოკიდებულება და თავდადება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თამაშის დასაწყისში, როცა გოლი არ ჩაგვითვალეს. ჩვენ მაინც შეტევები განვაგრძეთ. ვფიქრობ, დამაჯერებლად მოვიგეთ და ვიმედოვნებ, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისი იქნება.
ეს ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. ისტორიას უნდა შევებრძოლოთ, რომელიც ხან შენ სასარგებლოდ მუშაობს და ხან შენ წინააღმდეგ. მოთამაშეებმა ნერვიულობაზე, მასპინძლებსა და ყველაფერზე მაღლა დადგომა მოახერხეს. ისინი მართლაც თავდადებული ბიჭები არიან, რამაც მოგვცა საშუალება, ეს თამაში მოგვეგო.
ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილია ორი თამაში. 25 ნოემბერს ნიდერლანდებს დავუპირისპირდებით, ხოლო 29 ნოემბერს – სენეგალს. წინ დიდი გამოწვევებია. მაგრამ ჩვენთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. უნდა ვაჩვენოთ, რომ კარგი თამაში მომავალ მატჩებშიც შეგვიძლია“, – აცხადებს ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.