ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში  თამაშის უფლება მოიპოვა
ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში თამაშის უფლება მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ ჰეხინგენში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა, ამჯერად, რთული ბრძოლა გადაიტანა მსოფლიოს 311-ე ნომრის, გერმანელი კატარინა ჰოგბარსკის წინააღმდეგ, მაგრამ შეძლო სამ სეტში გამარჯვება – 6:2, 2:6, 6:2. შეხვედრა საათი და 51 წუთი გრძელდებოდა.

სამივე სეტში თითქმის ერთნაირი სცენარი ვითარდებოდა – მოგებული ჩოგბურთელი სამ ბრეიკს იღებდა და ერთხელ თმობდა საკუთარ მოწოდებას. შესაბამისად, გორგოძეს მატჩში 7 ბრეიკი ჰქონდა, მის მეტოქეს – ხუთი.

ნახევარფინალში გორგოძის მეტოქე იქნება კიდევ ერთი გერმანელი, მსოფლიოს 206-ე ჩოგანი ანა ცაია.