ეგვიპტე სენეგალთან საკვალიფიკაციო მატჩის გადათამაშებას ითხოვს #1TVSPORT
ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ჯამალ ალამმა განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს ფიფა-სა და აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციას სენეგალთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი შესარჩევი მატჩის გადათამაშებაზე. ეგვიპტემ ეს შეხვედრა პენალტების სერიაში წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.
„ეგვიპტისა და აფრიკის საფეხბურთო ფედერაციები უნდა ჩაერიონ სიტუაციაში, რათა მხარი დაუჭირონ ეგვიპტის ნაკრებს. ჩვენ დავესწრებით ფიფა-ს კონგრესს, შევხვდებით ჯანი ინფანტინოს და გადავცემთ შესაბამის დოკუმენტებს სადისციპლინო კომიტეტში. ამ მატჩში ბევრი რამ გადაგვხვდა თავს, რადგან შეხვედრა უცნაურ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ჩვენ რომ ჩვეულებრივ პირობებში წაგვეგო, მივულოცავდით სენეგალს და ყველაფერი დასრულდებოდა.
მატჩის წინ ბევრ უსიამოვნო სიტუაციას წავაწყდით. ჩვენ ვთხოვეთ სენეგალში მატჩის ორგანიზატორებს სასტუმროდან 2:30 საათზე გაცვლა, რადგან სასტუმროსა და სტადიონს შორის მანძილი 34 კილომეტრია. სტადიონზე ოთხ საათზე მივედით, გზამ კი საათნახევარი დაიკავა. ავტობუსი დიდი ხანი ვერ შევიდა სტადიონზე, ჩვენს გარშემო კი უამრავი ადამიანი უსაქმოდ იდგა.
რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, ჩვენი მოთამაშეები მათი მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. ყველაზე მეტად სალაჰი დაზარალდა. ეგვიპტელი გულშემატკივრებისთვის ცალკე სექტორები უნდა გამოეყოთ, მაგრამ ორგანიზატორებმა ჩვენი ფანები პირდაპირ სენეგალელი გულშემატკივრების შუაში ჩასვეს. სტადიონზე ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით კარგად ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები ეგვიპტის ნაკრების მისამართით, რომელსაც სენეგალელი გულშემატკივრები აყოლებდნენ ხმას“, – განაცხადა ალამმა.