ეგოიანის გოლმა „ვიტესი“ გადაარჩინა - კუხიანიძემ „ნარვაში“ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების I დივიზიონში გაიტანა და „ვიტესს“ „იონგ აიაქსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
20 წლის ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა და 68-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა, ანგარიში შესანიშნავი თავური დარტყმით გაათანაბრა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა „ვიტესში“ პირველად გაიტანა და არნემის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (8,2) მიიღო.
წარმატებული გამოდგა ესტონეთის პრემიუმ ლიგის ტური „ნარვა ტრანსისთვის“, სადაც 4 ქართველი (შალვა ბურჯანაძე, ვაჟა ნემსაძე, ზაქარია ბეგლარიშვილი, სერგო კუხიანიძე) თამაშობს – ნარველები აუტსაიდერ „ნომე კალიუს“ ესტუმრნენ და 4:0 დაამარცხეს.
ბეგლარიშვილმა და ბურჯანაძემ 73 წუთი ითამაშეს, კუხიანიძემ – შეუცვლელად, ხოლო ნემსაძე განაცხადში არ ყოფილა. მეორე გოლი ქართველების ანგარიშზეა. ბეგლარიშვილმა კუთხური შეასრულა, კუხიანიძემ კი მცველებს დაასწრო და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-9 გოლი ჩაიწერა.