ეფექტური გოლი ისრაელში - კუტალიას გუნდი ელიტლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან კუტალიამ ისრაელში მორიგი გოლი გაიტანა და „სექცია ნეს ციონას“კი ლეუმით ლიგის მიმდინარე სეზონში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებში დაეხმარა.

33 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა 30-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც მისმა გუნდმა რაანანას „ჰაპოელს“ უმასპინძლა. კუტალიამ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. ეროვნული ლიგის ყოფილმა ბომბარდირმა საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო, მეტოქეს თავზე გადაუგდო და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. ამას გარდა, კუტალიამ საგოლე პასიც შეასრულა და მესამე საგოლე შეტევა წამოიწყო.

საბოლოოდ, „სექცია ნეს ციონამ” მეტოქეს 3:2 მოუგო, ლევან კუტალიამ კი ისრაელის ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა. 30-ე ტურით ლეუმით ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა და 8 გუნდს შორი მოხვდა, რომლიც მთავარ ლიგაში (ლიგატ ჰაალი) მოსახვედრად იბრძოლებს.