ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდების მხარის შუამდგომლობას განიხილავენ

13:05, 24.01.2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის შუამდგომლობას განიხილავენ.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სხდომაზე არსებითი განხილვის დროს 21-ივე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდება

საქმის პროკურორის, მაია სილაგაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს წარდგენილი.

„წარმოდგენილია  დაახლოებით 150 მოწმის გამოკითხვის ოქმი, ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სხდომაზე 21-ივე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდება“,-განაცხადა მაია სილაგაძემ

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე იმსჯელებენ. ასეთივე შუამდგომლობა ექნება დაცვის მხარეს საკუთარ მტკიცებულებებზე.  გარდა ამისა, განიხილება დაპატიმრებული ბრალდებულებისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.  ბრალდებულებს შორის არის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ბრალდების თანახმად, თვალავაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ათეულობით აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები უკანონოდ იყიდებოდა, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

მსგავსი