ედგარს რინკევიჩსი – რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, პრინციპები ფულზე არ უნდა გავცვალოთ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ პრინციპები ფულზე არ უნდა გაიცვალოს. მისი თქმით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მან კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილების შესახებ.
„ჩვენ ამ წინადადების წინააღმდეგ მივეცით ხმა. ვფიქრობ, გადაწყვეტილება ადვილად მისაღები არაა, რადგან არსებობს საკმაოდ ძლიერი არგუმენტი, რომელსაც ვიზიარებ, იმის შესახებ, რომ ევროპის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლებების დაცვის მექანიზმები. ევროპის საბჭო და ევროსასამართლო ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და ამ ყველაფერზე რუსეთის მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ წვდომა, ეს ღირებული არგუმენტია, მაგრამ ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, დაარღვია 2008 წელს საქართველოშიც და ხუთი წლის წინ უკრაინაშიც, ყირიმის ანექსიით.
ამ მიმართულებით არანაირი პროგრესის ნიშნები არ არის, რაც რუსეთს დაბრუნების საშუალებას მისცემდა. შეიძლება, ორგანიზაცია კრიზისშია, მაგრამ პრინციპები ფულზე არ უნდა გავცვალოთ. ჩვენ შეგვეძლო, სხვანაირი გამოსავალიც გვეპოვა. აი, ეს არის ის მიზეზი, რის გამოც, ლატვიამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.