ედერ მილიტაოს ოპერაცია ესაჭიროება – ბრაზილიელი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მცველის, ედერ მილიტაოს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად მიაჩნდათ. ბრაზილიელი ვერ შეძლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს.
ცენტრალურმა მცველმა დაზიანება სამშაბათს, „ალავესთან“ მატჩში მიიღო. სამედიცინო ტესტმა დაადასტურა მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა. სამედიცინო ტესტების შემდეგ ივარაუდეს, რომ მილიტაო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებდა, მაგრამ მოასწრებდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის აღდგენას, თუმცა სიტუაცია უფრო რთული აღმოჩნდა.
რადიო Cadena COPE-ს ჟურნალისტის, მიგელ ანხელ დიასის ინფორმაციით, პარალელურად მოხდა დეკემბერში მიღებული ტრავმის რეციდივი, რომლის გამოც ბრაზილიელმა ოთხი თვე გამოტოვა და ახლა ფეხბურთელს ოპერაცია ესაჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე და ვერ დაბრუნდება მოედანზე 2026-27 წლების სეზონის სტარტამდე.