„ჩელსის“ ფორვარდი ედენ აზარი „ევროპა ლიგაზე“ ხუთშაბათს დაგეგმილ მატჩს ბელარუსულ „ბატესთან“ ზურგის ტრავმის გამო დააკლდება, თუმცა გუნდის ექიმები აცხადებენ, რომ ფეხბურთელი მოედანს უკვე კვირას, „ბარნლის“ წინააღმდეგ საპრემიერლიგო მატჩისთვის დაუბრუნდება.
„აზარი ნამდვილად ვერ ითამაშებს. ზურგის პრობლემები აქვს და ახლა ვცდილობთ, რომ კვირამდე ეს მოვაგვაროთ“, – განაცხადა ლონდონელთა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ.
ბელგიელი წელს ჩელსის საუკეთესო მეგოლეა: ბოლო 11 მატჩში მან რვაჯერ აიღო მეტოქეების კარი და სამი საგოლე პასი გააკეთა.
„ევროპა ლიგის“ L ჯგუფში „ჩელსი“ ორი მოგებით პირველ ადგილზეა, „ბატეს“ კი სამი ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.