ძველი სიმღერის ახალი ვერსია - ანსამბლ „შვიდკაცას“ საჩუქარი „დინამო თბილისს“ [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ინფორმაციით, ანსამბლმა „შვიდკაცამ“ ჩემპიონობასთან დაკავშირებით გუნდს საჩუქარი გაუკეთა და ცნობილი ჰიმნის, „დინამო, დინამოს“ ახალი ვერსია ჩაწერა.
„ანსამბლ „შვიდკაცას“ საჩუქარი „დინამო თბილისს“. მოისმინეთ ჩვენი გუნდის ჰიმნის ახალი ვერსია“, – წერია „დინამო თბილისის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა ყველა თაობის საყვარელი სიმღერის, „დინამო, დინამოს“ ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილია, მუსიკა ვაჟა აზარაშვილმა დაწერა, ხოლო პირველად ანსამბლ „ივერიას“ სოლისტის, თემურ წიკლაურის შესრულებით გაჟღერდა.
სიმღერა 1976 წელს დაიწერა – საბჭოთა კავშირის თასის ფინალში, 3 სექტემბერს, თბილისის „დინამომ“ ერევნის „არარატთან“ დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტით) და რევაზ ჩელებაძის გოლებით დამაჯერებლად (3:0) გაიმარჯვა და პირველად დაეუფლა საპატიო ტიტულს.