ძიუდო | 19 წლის გიორგი სარდალაშვილის პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირზე საქართველოს გუნდი 12 სპორტსმენით ასპარეზობს.
პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი ნაკრების სახელით 19 წლის გიორგი სარდალაშვილი გამოდის. ახალგაზრდა ქართველმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტია, შეჯიბრების პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.
სარდალაშვილი მეორე წრეში ზამბიელ სიმონ ზულის შეხვდა და მეტოქე გაფრთხილებებით დაამარცხა. გიორგი მერვედფინალში ავსტრიელ მარკუს აუერსა და გვატემალელ ხოსე რამოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
B ჯგუფის ფინალში გასვლის შემთხვევაში სარდალაშვილი, სავარაუდოდ, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან იჭიდავებს, რომელმაც პირველი ორთაბრძოლა იტალიელ ანჟელო პანტანოსთან მოიგო.
მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.