ძმები ხორხელები „სამგურალში“ ითამაშებენ - კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, მაგრამ საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია #1TVSPORT
ძმები ხორხელები „სამგურალში“ ითამაშებენ - კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, მაგრამ საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია #1TVSPORT

პოპლარული ინტერნეტგვერდის, Geo Team-ის ინფორმაცია დადასტურდა – ძმები ნიკა და ლუკა ხორხელები ახალი სეზონიდან წყალტუბოს „სამგურალს“ გააძლიერებენ.

„ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია, მაგრამ ეს ამბავი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. იყო ინტერესი ევროთასებზე გასული გუნდებიდან, თუმცა კონკრეტული პირობები „სამგურალმა“ შემოგვთავაზა, რომელთანაც ხელშეკრულებას ორშაბათს გავაფორმებთ“, – უთხრა საქართველოს პირველ არხს ნიკა ხორხელმა.

გასული სეზონი ძმებმა ბოლნისის „სიონში“ ჩაატარეს. ისინი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურები იყვნენ როგორც გუნდში, ასევე მთლიანად ეროვნულ ლიგაში.

22 წლის ლუკა ხორხელმა ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. 21 წლის ნიკა ხორხელმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და, 9 გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. ამ მაჩვენებლით ნიკა ეროვნულ ლიგაში, გოლი+პასის სისტემით, ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა შორის მოხვდა.

ნიკა და ლუკა რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვია, ნიკას დებიუტი უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, სადაც მან გოლი გაიტანა.