ძმები არველაძეების ფონდი - გვიხარია, რომ ბიბლიოთეკების დახმარების უმნიშვნელოვანეს პროექტში ვმონაწილეობთ #1TVSPORT
ძმები არველაძეების ფონდი - გვიხარია, რომ ბიბლიოთეკების დახმარების უმნიშვნელოვანეს პროექტში ვმონაწილეობთ #1TVSPORT

ძმები არველაძეების ფონდი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებული პროექტის ფინანსური მხარდაჭერი გახდა. პროექტის მიზანი საქართველოს 64 ცენტრალური ბიბლიოთეკის დახმარებაა.

„მთელი საქართველოს მასშტაბით, 64 ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სასურველი წიგნები შეარჩიეს და სპეციალური კატალოგის მიხედვით შეიძინეს. პროექტის მიზანია, მთელ საქართველოში ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად განაახლონ და შეავსონ წიგნადი ფონდები უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი, თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვიხარია, რომ ჩვენს ფონდს აქვს საშუალება, იყოს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მხარდამჭერი და მონაწილე“, – წერია არველაძეების ფონდის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონებიდან თბილისში ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათთვის სასურველი წიგნები სპეციალური კატალოგის გამოყენებით შეირჩა და რეგიონალური ბიბლიოთეკების განახლება 30-მდე გამომცემლისა და გამავრცელებლის დახმარებით შეძლეს. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან ერთად, პროექტის გახსნაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მონაწილეობდა. პროექტის პრეზენტაციას არველაძეების ფონდის დამფუძნებლები, რეზი და აჩი არველაძეები აღმასრულებელ დირექტორ დიმიტრი ბოკერიასთან ერთად დაესწრნენ.