ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რვა რუს და ბელარუს სპორტსმენს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება ჩამოართვა #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რვა რუს და ბელარუს სპორტსმენს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება ჩამოართვა #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა ყველა იმ რუსი და ბელორუსი ძიუდოისტების საქმე შეისწავლეს, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით დააფიქსირა. მათგან რვა ძიუდოისტი წლის მნიშვნელოვან ფორუმზე ვერ იჭიდავებს – მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მხარდაჭერაა.

დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური ძიუდოისტების სტატუსით რუსი და ბელორუსი სპორტსმენების დაშვების გადაწყვეტილება ძიუდოს მესვეურებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. თუმცა, იქვე იყო მინიშნებული, რომ მათ საქმეს დამოუკიდებელი კვლევის ჯგუფის წევრები შეისწავლიდნენ.

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს ყატარის დედაქალაქი უმასპინძლებს. დოჰაში, 7-14 მაისს, შეჯიბრების ბოლო დღეს, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 99 ქვეყნის 670 მონაწილეა რეგისტრირებული.

2022 წელს ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძეს, ლაშა ბექაურსა და გურამ თუშიშვილს ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.