ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ განახლებულ რეიტინგში ქართველმა სპორტსმენებმა პოზიციები გაიუმჯობესეს.

თბილისში დასრულებულ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ექვსი მედლით დაასრულა. ჩემპიონები გახდნენ ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს თორნიკე გიგაურმა (66 კგ), გიორგი ლოლაძემ (73 კგ), ლუკა ჯავახიშვილმა (90 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ).

განახლებულ რეიტინგში ლუკა მაისურაძე (90 კგ) ექვსი ადგილით დაწინაურდა და მე-4 პოზიციაზეა. ქართველს მხოლოდ სანშირო მურაო, გოკი ტაჯიმა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური უსწრებენ. ამავე წონაში გიორგი ჯაბნიაშვილი 21-ე ადგილზეა, ლუკა ჯავახიშვილი 36 პოზიციით დაწინაურდა და 34-ეა სიაში, ხოლო ტატო გრიგალაშვილი 47-ე პოზიციას იკავებს.

ცვლილებებია მძიმე წონით კატეგორიაშიც (+100 კგ). თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ირაკლი დემეტრაშვილი რვა ადგილით დაწინაურდა და რეიტინგის საუკეთესო ათეულში პირველად მოხვდა – ქართველი მეცხრე პოზიციას იკავებს. მერვე პოზიციაზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ თუშიშვილი, ამავე წონაში 22-ე ადგილზეა საბა ინანეიშვილი.

თბილისის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თორნიკე გიგაური 26 ადგილით დაწინაურდა და 30-ე ადგილზეა. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველთაგან საუკეთესო ვაჟა მარგველაშვილია – ის 22-ე ადგილზეა, ხოლო თემურ ნოზაძე 45-ეა.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აქვს ლაშა შავდათუაშვილს, მე-13 ადგილი. მიხეილ ბახბახაშვილი კი 64-ე პოზიციაზეა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ათეულის ბოლოშია გიორგი სარდალაშვილი. 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი მესამეა, ზაურ დვალაშვილი – მე-12, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძე – 29-ე.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე მე-9 პოზიციაზეა.

ქალთა რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები ქართველი ძიუდოისტებისთვის არ დაფიქსირებულა. 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი მე-2 ადგილზეა, მძიმე წონაში კი სოფიო სომხიშვილი 42-ე პოზიციას იკავებს.

16-19 აპრილს თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.