ძიუდო | თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, ბექაური და სულამანიძე მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგან გურამ თუშიშვილი (+100) ნახევარფინალშია, ბექაური (90კგ) და სულამანიძე (100კგ) კი მეოთხედფინალში იჭიდავებენ. გურამი ფინალში გასასვლელად უნგრელ რიჩარდ სიპოშს შეხვდება.
დღეს გამომსვლელი ორი ქართველი ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.