ძიუდო | სულამანიძე, ბექაური და თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ - ქართველი ძიუდოისტების სამი ოქროს შანსი [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგან ილია სულამანიძე (100კგ), ლაშა ბექაური (90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) ფინალში იჭიდავებენ.
სულამანიძემ ტურნირის ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი პალჩიკი ვაზარით დაამარხცა და ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდება. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ფინალში გასასვლელ შეხვედრაში ნიდერლანდელ მაიკლ კორელს ვაზარით სძლია და ოქროს მედლისთვის სერბ ნემანია მაიდოვთან იჭიდავებს.
დღეს გამომსვლელი ორი ქართველი ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
დღეს 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.