ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტის მასტერსის პირველი დღე უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტის მასტერსის პირველი დღე უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო მასტერსის ტურნირმა ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, მედლის შანსს კი ერთი მათგანი ინარჩუნებდა.

შეჯიბრების მეოთხედფინალში თემურ ნოზაძე (60კგ) თურქ ილდიზს შეხვდა და იპონით დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ მეტოქესთან წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

ტურნირის მერვედფინალში, დამატებით დროში იტალიელ ტონოილოსთან დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ასპარეზობას გამოეთიშა. ბუდაპეშტის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და გიორგი სარდალაშვილიც (60კგ).

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. ტურნირის განრიგი:

5 აგვისტო

მამაკაცები – 73 კგ, 81 კგ

ქალები – 63 კგ, 70 კგ.

6 აგვისტო

მამაკაცები – 90 კგ, 100 კგ, +100კგ

ქალები – 78 კგ, +78 კგ.

2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.