ძიუდო | ნოზაძემ და ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე თემურ ნოზაძემ (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პირველი გამარჯვებები მოიპოვეს. ნოზაძემ გვინეა-ბისაუელ ეუკილდეს ჟოაო ლოპესს მოუგო, ლიპარტელიანმა კი ამერიკელი ანგელიკა დელგადო დაამარცხა.
ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) პირველივე წრეში იაპონელ კენტა სეკიმოტოსთან დამარცხდა. დღეს გრანდ სლემზე გამომსვლელ კიდევ სამ ქართველს პირველი დაპირისპირებები ჯერ არ გაუმართავთ.
პირველ თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66, 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 2 თებერვალს კი – კაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 70, 78 და +78 კგ-ებში.
გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი ორივე დღეს 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.