ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა, რომლის გამარჯვებული იაპონიის ნაკრები გახდა. ფინალში იაპონელებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ პროგრამაში, იაპონია 18 სპორტსმენით იყო ტურნირზე წარდგენილი და უმედლოდ მათგან მხოლოდ ორი ძიუდოისტი დარჩა.
საერთო ჩათვლაში, იაპონელებმა 16 ინდივიდუალური (7 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) და ერთი გუნდური მედალი მოიპოვეს, რითაც ტურნირის აბსოლუტური ტრიუმფატორები გახდნენ.
რაც შეეხებათ ქართველ სპორტსმენებს, მათ გუნდურ პროგრამაში მონაწილეობა იმის გამო არ მიუღიათ, რომ ტურნირზე მხოლოდ მამაკაცებით იყვნენ წარდგენილნი.
ინდივიდუალურ პროგრამაში საქართველომ ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
პირველ სამეულს იაპონია, სამხრეთ კორეა და საფრანგეთი შეადგენენ.