ძიუდო | მსოფლიო პირველობაზე დღეს გრიგალაშვილი და ასკილაშვილი იასპარეზებენ #1TVSPORT
დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი იასპარეზებს – ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი. 81 კგ-ში გრიგალაშვილი შეჯიბრებაზე პირველ ნომრადაა განთესილი და მეორე წრიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. ტატოს მეტოქე მაროკოლი მოუტისა და მოლდოველი ლატისევის წყვილში გამარჯვებული იქნება.
ამ წონაში გამომსვლელი იაპონელი ტაკანორი ნაგასე B ჯგუფში ასპარეზობს და, შესაძლოა, ტატოს 1/2-ფინალში შეხვდეს. გრიგალაშვილის პრინციპული მეტოქე, ბელგიელი მატიას კასე კი C ჯგუფში გამოდის.
63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი პირველ წრეში ანგოლელ მუსუნგუის შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი იაპონელ ჰორიკავას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. ტურნირის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
დღევანდელი წინასწარი შეხვედრები – 11:30, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.