ძიუდო | ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT

20:13, 24.07.2026

ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია.

ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ერთად გადავიტანეთ გამარჯვების სიხარული და მარცხის სიმძიმე, ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე. ეს მოგონებები და მიღწევები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ვგრძნობდით.

სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!

ცხოვრებაში ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება. დღეს ვასრულებ ჩემს საქმიანობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართული ძიუდოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – წერს გუჯეჯიანი.

ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2020 წლის დეკემბერში ჩაიბარა. იგი მანამდე ახალგაზრდული პროექტის, „გამოწვევა 2020-ის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

გუჯეჯიანი ძიუდოისტთა ნაკრებს ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე უძღვებოდა. 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

პარიზში, 2024 წელს ქართველმა ძიუდოისტებმა ერთ ოქროსა და ორ ვერცხლს მოუყარეს თავი და ასევე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ორივე შემთხვევაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა.

გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და გიორგი სარდალაშვილი.

მსგავსი