ძიუდო I საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა და შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იაპონიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეული გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში იაპონიის ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქართველებმა მერვედფინალში დაძაბულ ბრძოლაში ბრაზილიის ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხეს. ჩვენი გუნდიდან გამარჯვებები ლუკა მაისურაძემ  (90კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ) მოიპოვეს. საკუთარი დაპირისპირებები კი სოფიო სომხიშვილმა (+100), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (63კგ) დათმეს. მსოფლიო მოქმედმა ჩემპიონმა მაისურაძემ ანგარიშზე 3:3 ბრაზილიელი მასადო მეორედ დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე დასრულებულ ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.