ძიუდო I საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მონღოლეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება იმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

ქართველებმა ტურნირზე პირველი დაპირისპირება მონღოლეთის ძლიერ ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

ჩვენი გუნდიდან გამარჯვებები ლაშა ბექაურმა (90კგ), სოფიო სომხიშვილმა (+100), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (63კგ) მოიპოვეს. ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100) კი საკუთარი დაპირისპირებები დათმეს.

მერვედფინალში საქართველო ბრაზილიას შეხვდება. ჩვენი ნაკრების ჯგუფში გამოდის იაპონიის ეროვნული გუნდიც, რომლის პირველი მეტოქე სამხრეთ კორეაა.

შეგახსენებთ,რომ მსოფლიო პირველობაზე დასრულებულ ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.