ძიუდო I ბუდაპეშტის მასტერსის წილისყრა - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გამოვლინდნენ #1TVSPORT
ძიუდო I ბუდაპეშტის მასტერსის წილისყრა - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გამოვლინდნენ #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქში 4-6 აგვისტოს ძიუდოში მასტერსის ტურნირი ჩატარდება. ბუდაპეშტში დღეს შეჯიბრების წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეები გამოვლინდნენ.

ბუდაპეშტის მასტერსზე 15 ქართველი ძიუდოისტი გამოვა (13 ვაჟი და 2 ქალი).

მამაკაცები:

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი სამხრეთ კორეელ ვონ ჯინ კიმს შეხვდება, ხოლო თემურ ნოზაძის მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი პირველ დაპირისპირებას ტაჯიკ ნურალი ემომალისთან ჩაატარებს.

73 კგ-ში ორივე ძიუდოისტი მეორე წრიდან იჭიდავებს: გიორგი ტერაშვილი უზბეკ ობიდხონ ნომონოვს შეხვდება, ლაშა შავდათუაშვილი კი – კუბელ მაგდიელ ესტრადას.

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილიც მეორე წრიდან იასპარეზებს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრაში ყირგიზ ასად მასაბიროვსა და ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზარს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

90 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე ბოლო მომენტში დარეგისტრირებული მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე მეორე წრეში ყაზახ დიდარ ხამზასა და გერმანელ ედუარდ ტრიპელს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური კი – ბრიტანელ ჯამალ პიტგრეივსა და შვედ მარკუს ნიმანს შორის გამარჯვებულს.

100 კგ-ში ილია სულამანიძეც მეორე წრიდან იასპარეზებს. ქართველი, სავარაუდოდ, იაპონელ აარონ ვოლფს შეხვდება. ამ წონაში გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი ონისე სანებლიძე ნიდერლანდელ მიხაელ კორელს დაუპირისპირდება.

+100 კგ-ში საქართველოს ნაკრებს სამი წარმომადგენელი ეყოლება. საბა ინანეიშვილი კუბელ ენდი გრანდას შეხვდება, გელა ზაალიშვილი სამხრეთ კორეელ – მინჯონგ კიმს, ხოლო გურამ თუშიშვილი უნგრელ რიჩარდ სიპოჩს დაუპირისპირდება.

ქალები:

57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი – ნიდერლანდელ პლეუნი კორნელისეს, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კი თურქ კაირა ოზდემირს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტის მასტერსზე მხოლოდ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.

ტურნირის განრიგი:

4 აგვისტო: მამაკაცები – 60 კგ, 66 კგ. ქალები – 48 კგ, 52 კგ, 57 კგ.
5 აგვისტო: მამაკცები – 73 კგ, 81 კგ. ქალები – 63 კგ, 70 კგ.
6 აგვისტო: მამაკაცები – 90 კგ, 100 კგ, +100კგ. ქალები – 78 კგ, +78 კგ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით სამივე დღეს 19:00 საათზე დაიწყება. 2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.