ძიუდო I ბუდაპეშტის მასტერსის ბოლო დღეს რვა ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად რვა ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.
90 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე ბოლო მომენტში დარეგისტრირებული მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე მეორე წრეში ყაზახ დიდარ ხამზასა და გერმანელ ედუარდ ტრიპელს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური კი – ან ბრიტანელ ჯამალ პიტგრეივს, ან შვედ მარკუს ნიმანს.
100 კგ-ში ილია სულამანიძეც მეორე წრიდან იასპარეზებს. ქართველი, სავარაუდოდ, იაპონელ აარონ ვოლფს შეხვდება. ამ წონაში გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი ონისე სანებლიძე ნიდერლანდელ მიხაელ კორელს დაუპირისპირდება.
+100 კგ-ში საქართველოს ნაკრებს სამი წარმომადგენელი ეყოლება. საბა ინანეიშვილი კუბელ ენდი გრანდას შეხვდება, გელა ზაალიშვილი სამხრეთკორეელ – მინჯონგ კიმს, ხოლო გურამ თუშიშვილი უნგრელ რიჩარდ სიპოჩს დაუპირისპირდება.
ქალების ტურნირზე მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი პირველ ეტაპზე თურქ კაირა ოზდემირს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია. ბუდაპეშტის მასტერსზე მხოლოდ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.
6 აგვისტო:
მამაკაცები – 90 კგ, 100 კგ, +100კგ
ქალები – 78 კგ, +78 კგ.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.