ძალიან მინდა, ძველი წარმატების გამეორება - გოგიამ გერმანიაში დაბრუნებაზე ისაუბრა #1TVSPORT
აკაკი გოგია, რომელმაც ორშაბათს დილით წარმატებით ჩააბარა სამედიცინო ტესტი და დრეზდენის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა, კომენტარი გააკეთა გერმანიაში და მისთვის ნაცნობ კლუბში დაბრუნებაზე.
„სასიამოვნოა დრეზდენში დაბრუნება. წარმოუდგენლად ინტენსიური, წარმატებული და მშვენიერი დრო გავატარე აქ და ძალიან მინდა ამის გამეორება. მოუთმენლად ველი გამოწვევას და ჩემს მიზნად დავსახე პასუხისმგებლობის აღება და კარგად შესრულება“, – ამბობს გოგია.
აკაკი გოგია ახალგაზრდობაში თამაშობდა „ჰალეში“, „ჰანოვერ 96“-ში და „ვოლფსბურგში“. 2011 წლიდან იჯარით იყო „აუგსბურგსა“ და „სენტ პაულიში“, სანამ „ჰალეში“ გადავიდოდა.
ორი წლის შემდეგ, თავდამსხმელი ინგლისის მეორე დივიზიონის „ბრენტფორდმა“ დაიმატა, საიდანაც 2016/2017 წლების სეზონში იჯარით დრეზდენის „დინამომ“ მიიწვია. გოგიამ შავ-ყვითელთა შემადგენლობაში 24 მატჩში ათი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
შემდეგ მან ხელი მოაწერა ბერლინის „უნიონთან“, სადაც ქართველი ნახევარმცველი ოთხი წელი დარჩა. 2021/2022 წლების ზაფხულიდან ის შვეიცარიის პირველი დივიზიონის „ციურიხში“ თამაშობდა (16 მატჩი, 3 გოლი), რომლის შემადგენლობაშიც გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ გოგია რუსთაველია, მაგრამ 11 წლიდან გერმანიაში გადავიდა და 2010–2011 წლებში ამ ქვეყნის 18 (4 მატჩი) და 19-წლამდელთა ნაკრებებში (3 მატჩი, 1 გოლი) ითამაშა.