თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ნიკა ძალამიძე კალინინგრადის „ბალტიკაში“ ითამაშებს. ამის შესახებ რუსეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის (რანგით მეორე ლიგა) გუნდის ვებგვერდი იუწყება.
26 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა კალინინგრადელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუნდის ვებგვერდზე „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის მისვლას ქართული წარწერით გამოეხმაურნენ – „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკა!“.
ძალამიძე ზუგდიდელია და საფეხბურთო სკოლა „ბაიას“ გაზრდილია. თბილისის „დინამომდე“ რუსულ, პოლონურ და რუმინულ კლუბებში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრებში კი შვიდჯერ ითამაშა. მან „დინამო“ ორიოდე დღის წინ დატოვა.
საინტერესოა, რომ „ბალტიკას“ მთავარი მწვრთნელი ვალერი ნეპომნიაშჩია, რომელიც ერთ-ერთი პირველი საბჭოელი სპეციალისტი იყო, რომელმაც უცხოური ნაკრები ჩაიბარა – ის 1988–1990 წლებში კამერუნის ნაკრებს ავარჯიშებდა და გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. „ბალტიკას“ გენერალური დირექტორი კი ქართველი თემურ ლეფსაიაა.