ძაკარდომ კვარაცხელია ლეაოს შეადარა - იმედია, თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება იტალიაში #1TVSPORT
კრისტიან ძაკარდომ „ნაპოლის“ ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ში გადასვლასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა – იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პოტენციალით „მილანის“ პორტუგალიელ შემტევს, რაფაელ ლეაოს შეადარა.
„მე მას (კვარაცხელიას) ორი წელი ვადევნებდი თვალს. პირველად 2020 წელს ვნახე და მაშინვე ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ვიმედოვნებ, რომ ის სერია ა-ში თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება: კვარაცხელიას აქვს თავდაჯერებულობა და საზრიანი გონებაც გააჩნია. იმედი მაქვს, მას შეუძლია სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს. იტალიაში ბევრი ფეხბურთელი არ არის ისეთივე სისწრაფით, აჩქარებით და დრიბლინგით, როგორსაც კვარაცხელია ფლობს. გამონაკლისი, ალბათ, „მილანიდან“ ლეაოა. ამიტომ მიმაჩნია, რომ კვარაცხელია შეიძლება „ნაპოლისთვის“ საკვანძო მოთამაშე გახდეს“, – ციტირებს ძაკარდოს „ტიტო მერკატო ვები“.
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მარჯვენა მცველი იყო. თამაშობდა „ბოლონიაში“, „სპეციაში“, „პალერმოში“, „ვოლფსბურგში“, „პარმაში“, „მილანში“, „კარპიში“, „ვიჩენცაში“. იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოიგო 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი.
ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს მარჩელო ლიპის ხელმძღვანელობით ითამაშა. სულ „სკუადრა აძურაში“ 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 2006 წელს გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.