დვალს ჩემპიონთა ლიგაზე „საბურთალოსთან" თამაში სურს - ჩემპიონობა მშვენიერი შეგრძნებაა
ლაშა დვალი „ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში უნგრეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი პოლონეთიდან უნგრეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა და მიიჩნევს, რომ ეს გამართლებული იყო.
„როდესაც უნგრეთში მივდიოდი, მაშინაც ვფიქრობდი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი. „ფერენცვაროში” ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემი ნაბიჯის სიმართლეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. პირველობა მშვენიერი შეგრძნებაა. ტიტულის მოპოვება გუნდმა განსაკუთრებულად აღვნიშნეთ – ჯერ მოედანზე გულშემატკივრებთან ერთად, შემდეგ კი, ზეიმი გასახდელში გავაგრძელეთ. ეს სიხარული ჩემს ცხოვრებაში ბოლომდე მემახსოვრება. ამ დღეებში ბევრი მილოცვა მივიღე, მათ შორის საქართველოდანაც, რაც ძალიან სასიამოვნოა. ყველას მადლობა ამ ყურადღებისა და კეთილი სურვილებისთვის“, – ამბობს დვალი.
23 წლის მცველი „საბურთალოს” გაზრდილია. გუნდის, რომელსაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთის ჩემპიონი დაუპირისპირდეს.
„ჩემთვის მშვენიერი გამოწვევა იქნება, „ფერენცვაროში“ „საბურთალოს“ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თუ შეხვდება. ამ თემაზე უნგრელები ხშირად მეკითხებიან. აინტერესებთ, საქართველოს საუკეთესო გუნდი რას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, „საბურთალოს“ მუდამ კარგად ვახასიათებ, რადგან ეს გუნდი ქებას იმსახურებს“, – ამბობს ფეხბურთელი.