დვალისა და ქვილითაიას აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
დვალისა და ქვილითაიას აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში პრინციპული მეტოქე „ომონია“ 3:0 დაამარცხა, საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

საქართველოს ნაკრების ორივე მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში იყო – დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია კი გუნდს კაპიტნობდა და 66-ე წუთზე შეცვალეს.

ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლაშა დვალმა აპოელ-ის მოგებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ქართველი მცველი დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა, შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა და თამაშს ამწვავებდა. ორჯერ თავური დარტყმით მეტოქის კარს დაემუქრა.

ქვილითაია კი თავდამსხმელობასთან ერთად, გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებდა – ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მარკინიოსმა ანგარიში მისი პასით გახსნა.

აპოელ-ი ამ ეტაპზე კვიპროსის საუკეთესო გუნდია, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს – გუნდმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა (38) და კონკურენტ „ანორთოსისს“ (34) ასწრებს. ნიქოზიელებმა 31 გოლი გაიტანეს, რაც „ომონიასთან“ და „პაფოსთან“ ერთად, ლიგაში საუკეთესო შედეგია, ამას გარდა, აპოელ-მა მხოლოდ რვა ბურთი გაუშვა.