დვალისა და „ფერენცვაროშის“ წარმატებული სტარტი - უნგრელებმა კოსოვოელებს შანსი არ დაუტოვეს #1TVSPORT
ლაშა დვალმა და უნგრეთის ჩემპიონმა „ფერენცვაროშმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს.
უნგრეთის 32-გზის ჩემპიონმა კოსოვოს პირველობის გამარჯვებულს, „პრიშტინას“ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების მცველი, ლაშა დვალი ბუდაპეშტის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ხარაიშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.
უნგრულმა გუნდმა კოსოვოელებს პირველივე წუთებიდან შეუტია, მაგრამ პირველ ორმოცდახუთ წუთში შექმნილი რამდენიმე შანსის მიუხედავად, გუნდები შესვენებაზე 0:0-ზე გავიდნენ.
მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. 71-ე წუთზე ანგარიში ტოკმაკ ნგეუნმა გახსნა, სამი წუთის შემდეგ კოსოვოელების კარის ბადე რაიან მამაიმ მეორედ შეარხია, ხოლო საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე მიჰა ბლაზიჩმა დააფიქსირა – „ფერენცვაროშმა“ 3:0 გაიმარჯვა.
განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 13 ივლისს კოსოვოში გაიმართება, „ფერენცვაროში“„პრიშტინას“ დიდი უპირატესობით ესტუმრება.