დვალის უიღბლო დებიუტი - ქართველი მცველი პირველ მატჩში დაშავდა #1TVSPORT
ლაშა დვალმა „აპოელში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ 42 წუთის თამაში დასცალდა და დაშავდა – უნგრული „ფერენცვაროშიდან“ კვიპროსულ „აპოელში“ გადასულ ქართველ მცველზე ინფორმაციას გამოცემა philenews ავრცელებს.
„ლაშა დვალის დებიუტი „აპოელში“ მხოლოდ 42 წუთი გაგრძელდა. ქართველი ცენტრალური მცველი ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში „პაფოსთან“ დაშავდა. მან მოედანი მუცლის კუნთების პრობლემების გამო დატოვა და ადგილი კაროსს დაუთმო. რამდენად სერიოზულია ქართველი მცველის დაზიანება, უახლოეს დღეებში გაირკვევა“, – წერია კვიპროსული გამოცემის გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატში პირველ ტურში „პაფოსს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა 1:1. ნიქოზიას „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ ლაშა დვალი იყო, რომელიც 42-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
71-ე წუთზე „აპოელის“ შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია გამოჩნდა, რომელიც მოედანს 15 მაისს „ანორთოსისთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, ვინც სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მურთაზ დაუშვილი იყო.