დვალის აპოელ-მა „ფიორენტინა“ დაამარცხა - გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენში“ ითამაშა #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე ლაშა დვალის აპოელ-მა „ფიორენტინას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი კვიპროსულ გუნდს დაუბრუნდა (ბაბუის გარდაცვალების გამო თბილისში იმყოფებოდა) და მოედანზე შეცვლაზე, 79-ე წუთზე შევიდა.
კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურის მატჩი კვიპროსელებმა შესანიშნავად დაიწყეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. 37-ე წუთზე ანგარიში ანასტასიოს დონისმა გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე იტალიელებს მეორედ აბანიამ გაუტანა.
მართალია, 74-ე წუთზე „ფიორენტინას“ ფრანგმა ნახევარმცველმა ნანიტამო იკონემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ კვიპროსელებმა ბოლომდე იბრძოლეს, უპირატესობა შეინარჩუნეს და კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერეს.
„კოპენჰაგენის“ რიგებში ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ბაშაქშეჰირთან“ ქულა მოიპოვა – 2:2. „ჯვაროსნების“ მცველი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა.
აპოელ-ი ოთხი ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო „კოპენჰაგენი“ (2) – 29-ე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს კვიპროსული გუნდი 28 ნოემბერს ნორვეგიაში „მიოლდესთან“ გამართავს, ხოლო „კოპენჰაგენი“ მინსკის „დინამოს“ ესტუმრება.