მეოთხე დღეა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური თამაშებისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები ლიტვას 24 მარტს შეხვდებიან, ხოლო ესტონეთს – 27 მარტს.
ეროვნული გუნდის ფეხბურთელები თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე ვარჯიშობენ და ორმხრივი თამაშიც გამართეს.
უკვე თბილისშია ლაშა დვალი და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ პოლონური ”პოგონის” მცველი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებული დავით ხოჭოლავას ნაცვლად გამოიძახა. ამგვარად, ეროვნული გუნდი ამხანაგური მატჩებისთვის კვლავ 23 ფეხბურთელით ემზადება.
რაც შეეხება დათა ხოჭოლავას, დონეცკის ”შახტარის” მცველის ტრამა სერიოზული არ გამოდგა. მისი თქმით, მოედანს ერთ კვირაში დაუბრუნდება.