ლაშა დვალი, რომელიც ახლა პოლონეთის „პოგონის“ ღირსებას იცავს, მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გასულ უქმეებზე „პოგონმა“ „ლეხს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. 41-ე წუთზე მეტოქის კარი სწორედ ქართველმა მცველმა აიღო.
დვალმა „პოგონში“, პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. „ლეხის“ კარში გატანილი სამი გოლიდან ქართველმა ლეგიონერმა მეორე ბურთი მიითვალა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
კარგი თამაში ქართველ მცველს, პოლონურმა გამოცემებმაც დაუფასეს და ლაშა დვალი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული გამოცემის – pilkanozna.pl-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
„ლაშა დვალი „ლეხის“ წინააღმდეგ შეუდარებელი იყო. ქართველმა, ისევე როგორც მისმა თანაგუნდელებმა, ტომას პოდსტავსკიმ და ზვონიმირ კოზულიმ, ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა დაიმსახურეს“ – წერს pilkanozna.pl.